- ისტორია
- ძეგლები
- მრავალეთნიკურობა
- ქალაქი ნინოწმინდა
ეს ტაძარი იყო ჯავახეთში - წუნდაში, სადაც ინახებოდა საქრისტიანოს დიდი სიწმინდე, მირიან მეფისთვის ბიზანტიიდან გამოგზავნილი მაცხოვრის სამსჭვალი და, ამავე დროს, აქ იყო ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებული საეპისკოპოსო კათედრაც.
საყოველთაოდ ცნობილია ამ მხარის ისტორიული ძეგლები - კუმურდო, ვარძია, წუნდა, ფოკა, სამსარი, განძანი, ვანის ქვაბები, თმოგვი, ხერთვისი, აბულისა და შაორის ციკლოპური ციხე-ქალაქები... და ულამაზესი ტბები - ფარავანი, საღამო, კარწახი, მადათაფი, ხანჩალი, ტაბაწყური...
XVI საუკუნეში ჯავახეთი ოსმალეთმა მიიტაცა. ქართული მოსახლეობის ერთმა ნაწილმა ქართლს შეაფარა თავი, ადგილზე დარჩენილებმა კი იძულებით მიიღეს ისლამი. საქართველოს ჯავახეთი მხოლოდ რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ დაუბრუნდა. საბჭოთა პერიოდში ჯავახეთი რთული საზღვრისპირა რეგიონი გახდა. ის სრულიად მოსწყდა დანაჩენ საქართველოს და ამ მხარის მოსახლეობა დღესაც ეთნიკურად მრავალფეროვანია. აქ ქართველებთან ერთად ცხოვრობენ, რუსები, სომხები, ბერძნები და რუსი დუხობორები, მაგრამ მართლმადიდებელი მოსახლეობა ჯავახეთში უმცირესობას წარმოადგენს.
ქალაქის სახელი დაკავშირებულია მოციქულთა სწორისა და ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს სახელთან, რომელიც, „ქართლის ცხოვრების“ თანახმად, ჯავახეთიდან შემოვიდა საქართველოში. 2001 წელს ქ. ნინოწმინდაში დაარსდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის დედათა მონასტერი. მონასტერს საკუთარი შენობა დღემდე არ გააჩნია.
ამ მხარის მკაცრი კლიმატის, მძიმე სოციალური და მატერიალური სიდუხჭირის პირობებში ნინოწმინდის მცირერიცხოვანი მართლმადიდებელი (ქართველი) მოსახლეობისათვის უმნიშვნელოვანესია, რომ აქ არსებობდეს მათი სულიერი ცხოვრების საფუძველი - მართლმადიდებლური ტაძარი.
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს, თბილისში, ოჯახში, სადაც ქრისტეს ხსენება მკაცრად იყო აკრძალული. მამა გაბრიელი ბავშვობიდანვე ღვთიური მადლით გამოირჩეოდა. მან დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლის მხოლოდ ექვსი კლასი, რადგან მას შემდეგ, რაც ქრისტეს სახელი პირველად გაიგო, ჯერ კიდევ ბავშვმა, თავად შეაგროვა ფული, შეიძინა სახარება და ერთადერთი აზრითა და სურვილით განიმსჭვალა - ეცხოვრა მხოლოდ ქრისტესთვის.
1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში და მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, ახერხებდა ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვის დაცვას და ეკლესიაში სიარულს. სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური დამწერლობა. სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ საკუთარ ეზოში ააგო ტაძარი და იქ კომუნისტების მიერ ჩამორთმეული, გადაყრილი და მიტოვებული ხატები დააბრძანა. საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა, დაენგრია ეკლესია, მაგრამ - უშედეგოდ.
1955 წლის 23 თებერვალს ის ბერად აღიკვეცა და სახელად ეწოდა გაბრიელი. იმ პერიოდში საქართველოში მძვინვარებდა კომუნისტური რეჟიმი, იდევნებოდა სარწმუნოება. მამა გაბრიელმა 1965 წლის 1 მაისს, საბჭოთა აღლუმის დროს, დაწვა ლენინის თორმეტმეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე კი განაცხადა: "იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი... უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს". გაავებულმა ბრბომ გაბრიელ ბერი უმოწყალოდ ჩაქოლა. ქალაქში გამოცხადდა პირველი კატეგორიის განგაში და ბერი სიკვდილს მხოლოდ ცნობილი მე-8 პოლკის ჩარევამ გადაარჩინა. ცოცხალ-მკვდარი გაბრიელ ბერი ყბა-სახისა და სხეულის 17 მოტეხილობით უშიშროების იზოლატორში გადაიყვანეს. ხანგრძლივი ტანჯვა-წამების მიუხედავად, გაბრიელ ბერს პოზიცია არ შეუცვლია, რის გამოც მას ცემდნენ და აწამებდნენ. მამა გაბრიელს უპირობოდ და გაუსამართლებლად მიუსაჯეს დახვრეტა. ეს ამბავი უცხოეთის პრესისთვის არ დარჩენილა შეუმჩნეველი და ევროპისა და ამერიკის ჟურნალ-გაზეთებით ფართოდ გავრცელდა. მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ.
მამა გაბრიელმა დაიწყო სალოსის ცხოვრება - სულიერად ავადმყოფად და ლოთად ეჩვენებოდა ხალხს. ადამიანთა წინაშე სულელად მყოფობა მოითხოვდა საკვირველ მოღვაწეობას, სულიერ ძალასა და საღმრთო გონებას. ღვთის წრფელი სიყვარულისა და მოღვაწეობრივი ცხოვრებისათვის მას უფლისგან ძალმოსილებისა და საღმრთო გამოცხადებათა მადლი მიენიჭა.
სიცოცხლის ბოლო წლებში მამა გაბრიელი ცხოვრობდა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ მეფე მირიან III-ს კოშკში. ის მძიმედ ავადმყოფობდა და 1995 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა. არქიმანდრიტი გაბრიელი, მისი ანდერძისამებრ, ბერ-მონაზვნური წესით - ჭილოფში გახვეული, დაკრძალეს სამთავროს დედათა მონასტრის სასაფლაოზე.
არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად, დღემდე უხრწნელია, რასაც ადასტურებს სხვადასხვა ლაბორატორიაში გაკეთებული ამ სინჯის ანალიზი. მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი.
2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, ხოლო 2014 წლის 25 დეკემბერს რუსეთის მართლდადიდებელმა ეკლესიამ მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხა, მისი ხსენების დღედ დაწესდა 2 ნოემბერი. რუსეთის მართლდადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა მამა გაბრიელს უწიდა „გაბრიელ სამთავროელი“.
2014 წლის 22 თებერვალს წმინდა მამა გაბრიელის საფლავი გახსნეს. მამა გაბრიელის უხრწნელი სხეული ხის ლუსკუმაში ჩაასვენეს და სამთავროს ფერისცვალების ტაძარში დააბრძანეს.
მამა გაბრიელის საფლავზე მისვლითა და მისი თაყვანისცემით დღემდე იკურნება უამრავი ადამიანი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე ენაზეა გამოცემული წიგნები გაბრიელ ბერის სწავლების, ცხოვრება-მოღვაწეობისა და სასწაულებრივ კურნებათა შესახებ.
მიიღეთ მონაწილეობა ეკლესიის მშენებლობაში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით წმ. ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელობის მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობა დაიწყო. ეს იქნება ქ. ნინოწმინდაში პირველი მართლმადიდებლური ტაძარი.
Account with institution: Bank of Georgia
Swift: bagage22;
Beneficiary: Ninotsminda st Gabriel church
Account: GE30BG0000000918181900